მოვემზადოთ კონფედერაციათა თასისთვის: ჯგუფი A
გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მომდევნო წლის ზაფხულში გაიმართება, ფეხბურთის გულშემატკივრები კონფედერაციის თასის გათამაშებითაც კმაყოფილდებიან ხოლმე.
ტურნირი სტარტს 17 ივნისს აიღებს და დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ფეხბურთის მოყვარულთათვის ტოტალიზატორში სათამაშოდ სწორედ კონფედერაციათა თასი იქნება პრიორიტეტული.
შესაბამისად XBET.GE გთავაზობთ წინა-სატურნირო ვრცელ პრევიუს, რომელშიც ჯგუფების მიხედვით გაგაცნობთ ტურნირის თითოეულ მონაწილეს, რათა შემდგომში მატჩებზე პროგნოზების გაკეთება გაგიმარტივდეთ. როდესაც ყველა ეროვნული ნაკრების შესახებ გექნებათ დეტალური ინფორმაცია, ფსონებსაც უფრო თამამად და სწორად შეარჩევთ.
რაც უნდა ვიცოდეთ
-
რუსეთის ეროვნული ნაკრები კონფედერაციათა თასზე მონაწილეობას პირველად ღებულებს. ისინი ტურნირის მასპინძლები არიან, რაც ჯერ კიდევ 7 წლის წინ გადაწყდა, როდესაც ფიფამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ადგილად რუსეთი აირჩია.
-
კონფედერაციათა თასი მასპინძელმა გუნდმა სამჯერ მოიგო: მექსიკამ (1999), საფრანგეთმა (2003) და ბრაზილიამ (2013).
წარუმატებელი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რუსეთის ეროვნული ნაკრები ლეონიდ სლუცკიმ დატოვა და მისი პოსტი გამოცდილმა სტანისლავ ჩერჩესოვმა დაიკავა. 53 წლის რუს თავკაცს რამდენიმე რუსულ კლუბში ჰქონდა ნამუშევარი, მაგრამ მთავარ წარმატებას 2015/16 წლების სეზონში ვარშავას „ლეგიასთან“ ერთად მიაღწია, რომელსაც პოლონეთის ეროვნული ჩემპიონატი და თასი მოაგებინა. წარსულში ლეგენდარულმა გოლკიპერმა ეროვნული გუნდის ტაქტიკა 5 მცველზე გადააწყო და მთავარი აქცენტი ახალგაზრდა მოთამაშეებზე გააკეთა. მისი ხელმძღვანელობით რუსებმა 9 ამხანაგური მატჩი ჩაატარეს, საიდანაც მხოლოდ 3 მოიგეს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ჩერჩესოვის გუნდმა კარგი ფორმა აკრიფა. რუსეთმა უნგრეთის ეროვნული გუნდი 3:0 გაანადგურა, ბოლოს კი ჩილესთან ფრედ 1:1 ითამაშა, რაც მშვენიერი შედეგებია. ჩერჩესოვისთვის კონფედერაციათა თასი საინტერესო გამოწვევა იქნება. რუსეთი რთულ ჯგუფში მოხვდა და თუ სტანისლავი გუნდს ფლეი-ოფში გაიყვანს, ეს მის ავტორიტეტს ერთიორად გაზრდის და ნდობაც მოიმატებს. ტურნირამდე ჩერჩესოვმა რუსეთის ნაკრები კარგ ფორმაში შეიყვანა, ახლა კი ეცდება, რომ 5-3-2 სქემა უფრო ძლიერ გუნდებთან ოფიციალურ თამაშებში აამუშავოს.
მთავარი ვარსკვლავი
რუსეთის ეროვნულ ნაკრებს გამოკვეთილი ლიდერი ნამდვილად არ ჰყავს, მაგრამ არის ერთი გამორჩეული მოთამაშე, რომელსაც ჯერ კიდევ ევრო 2016-ზე აკვირდებოდნენ, მაგრამ საფრანგეთში მას თამაში არ წაუვიდა. საუბარია „კრასნოდარის“ 27 წლის შემტევ ფიოდრ სმოლოვზე, რომელიც რუსეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 18 გოლით. სმოლოვი გასულ სეზონში კიდევ უფრო გაიზარდა, დაიხვეწა და კონფედერაციათა თასზე საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენას ეცდება. ის სრული უნივერსალია და ჩერჩესოვი ზოგჯერ ცრუ ცხრიანის პოზიციაზეც იყენებდა, მაგრამ ფიოდრი უფრო კომფორტულად თავს ფლანგზე გრძნობს. სმოლოვი უდავოდ რუსეთის ეროვნული გუნდის ყველაზე ტექნიკური, კრეატიული და საინტერესო მოთამაშეა, რომელსაც ინდივიდუალურად მართლაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ რუსების სულიერი ლიდერი მინდორზე ალბათ უფრო გამოცდილი იგორ აკინფეევი იქნება, სათამაშო თვალსაზრისით ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი უდავოდ ფიოდრ სმოლოვია.
რუსეთის ნაკრების მთავარი პლიუსი მოტივაცია იქნება. რუსები საკუთარ კედლებში, საკუთარი ქომაგების მხარდაჭერით, იასპარეზებენ და ეს მათთვის დამატებითი მუხტი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ფეხბურთში საშინაო არენის ფაქტორი სულ უფრო და უფრო კარგავს ფასს, სანაკრებო დონეზე ეს მაინც მნიშვნელოვანი იმპულსია, რადგან როდესაც მუდმივად გესმის გულშემატკივარის შეძახილი, გამხნევება, ორმაგად მოტივირებული და მონდომებული ხარ. იმის თქმა, რომ რუსეთს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს ან ტურნირის ფავორიტად განიხილება, არასწორი იქნება, მაგრამ მშობლიური მიწის ფაქტორი მათ შანსებს ცოტათი მაინც ზრდის. სტანისლავ ჩერჩესოვის შეგირდები ყოველ მატჩს ტრიბუნების უპირატესობის ფონზე ჩაატარებენ და რუსეთის მთავარი უპირატესობაც სწორედ ეს იქნება.
სუსტი მხარე
რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარი პრობლემა კვლავ თავდასხმაა. ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე რუსებს კვლავ არ ჰყავთ სტაბილურად კარგი შემსრულებელი, როგორიც მაგალითად თავის დროზე რომან პავლიჩენკო იყო. ჩერჩესოვმა ამ პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი გამოსცადა, მაგრამ არტიომ ძიუბას ტრავმის შემდეგ ვერც კოკორინმა, ვერც ბუხაროვმა, ვერც პოლოზმა, ვერც კანუნიკოვმა ბოლომდე ვერ გაამართლეს. სწორედ ამიტომ გამოსცადა ამ ამპლუაში სტანისლავმა ფიოდრ სმოლოვი და არ არის გამორიცხული თუ რუსეთი კვლავ 5 მცველით იმოქმედებს, ერთ-ერთი ფორვარდის როლი სწორედ ფიოდმა შეასრულოს ან უბრალოდ ათიანის როლში მოგვევლინოს სამი ნახევარმცველის წინ. კონფედერაციათა თასზე რუსეთის ნაკრებს სამი ნომინალური თავდამსხმელი ეყოლება: დიმიტრი პოლოზი, ალექსანდრ ბუხაროვი და მაქსიმ კანუნიკოვი. ჩერჩესოვს არჩევანის გაკეთება ალბათ მაინც პოლოზსა და ბუხაროვს შორის მოუწევს, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის იდეალური გამოსავალი.
სტატისტიკური მონაცემი
ბოლოსკენ კი გაგაცნობთ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემს, რომელიც შეიძლება უბრალოდ არ იცოდეთ. სტანისლავ ჩერჩესოვის მოსვლის შემდეგ რუსეთის ნაკრებს ერთი ასეთი მახასიათებელი აქვს - თუ რუსები ძლიერ მეტოქესთან თამაშობენ და ბურთი ძირითადად მოწინააღმდეგეს აქვს, მაშინ ისინი ძალიან ცოტა კუთხურს აწვდიან. საერთო ჯამში, ჩერჩესოვის ხელმძღვანელობით, რუსეთმა 9 მატჩში 41 კუთხური ჩამოაწოდა, რაც მატჩში საშუალოდ 4.5-ს ტოლია. ამ 9 თამაშიდან კი 5 შეხვედრაში ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი მეტოქეს უფრო მაღალი ჰქონდა. თუ ამ მატჩების სტატისტიკად გადავხედავთ, დავინახავთ, რომ რუსეთმა ჯამში მხოლოდ 11 კუთხური მოაწოდა (მთელი კუთხურების 27%). შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ კონფედერაციათა თასის ჯგუფურ ეტაპზე, განსაკუთრებით პორტუგალიისა და მექსიკის წინააღმდეგ, რუსები სავარაუდოდ ცოტა კუთხურს მოაწვდან - მაქსიმუმ 4 კუთხურს თამაშში.
ახალი ზელანდია
რაც უნდა ვიცოდეთ
-
ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდი, როგორც ოკეანეთის საუკეთესო ნაკრები, კონფედერაციათა თასზე მეოთხედ (1999, 2003, 2009 და 2017) იასპარეზებს.
-
ახალმა ზელანდიამ ამ ტურნირზე პირველი 8 მატჩი წააგო და ბოლოს, 2009 წლის კონფედერაციათა თასის ჯგუფურ ეტაპზე, ერაყთან უგოლო ფრის წყალობით პირველი ქულა მოიპოვა.
-
ახალ ზელანდიელთა თავკაცი, ენტონი ჰადსონი, კონფედერაციათა თასის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტი გახდება. რუსეთთან პირველ თამაშში იგი 36 წლისა და 98 დღის იქნება.
მთავარი მწვრთნელი
როგორც უკვე აღვნიშნეთ ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ენტონი ჰადსონი ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტია. 36 წლის ინგლისელმა ახალი ზელანდია 2016 წლის აგვისტოში ჩაიბარა. მანამდე იგი ბაჰრეინის ეროვნულ გუნდს ავარჯიშებდა 1 წლით, ახალ ზელანდიაში კი სრული ნდობა გამოუჩინეს და მთავარი ნაკრების გარდა ყველა ასაკობრივი ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობაც ანდეს. 2014 წელს ახალი ზელანდიის 17 და 20 წლამდელთა ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში გავიდნენ, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა. მთავარ ნაკრებში მისი სტარტი არც თუ ისე კარგი იყო, რადგან სადებიუტო შეხვედრა უზბეკეთთან წააგო (1:3), პირველ გამარჯვებას კი მხოლოდ ივლისში მიაღწია. ამას კი 10 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია მოჰყვა, რომლის დროსაც ახალ ზელანდიელებმა 9 მატჩი მოიგეს და ჰადსონმა საკუთარი ძალები საბოლოოდ დაამტკიცა. ოკეანეთის ჩემპიონატი ახალი ზელანდიის ნაკრებმა დამაჯერებლად მოიგო, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კი წარმატებით იასპარეზა და ახლა ფინალში მეტოქეს ელოდება. კონფედერაციათა თასი კი ჰადსონისა და მისი გუნდისათვის მორიგი გამოწვევა იქნება. ახალი ზელანდიელები ტურნირს მშვენიერი განწყობით ხვდებიან.
მთავარი ვარსკვლავი
ალბათ ხვდებით, რომ ამ შემთხვევაში ვარსკვლავი მხოლოდ ეპითეტია, რადგან ახალი ზელანდიის ნაკრებში არცერთი მაღალი დონის მოთამაშე არ არის. თუმცა გუნდს გამორჩეული ფიგურა ნამდვილად ჰყავს. ზოგადად, ენტონი ჰადსონის გუნდში რამდენიმე საინტერესო შემტევი მოთამაშეა, მარკოს როხასისა და რაიან ტომასის სახით, მაგრამ ეროვნული ნაკრების ლიდერი და კაპიტანი 25 წლის კრის ვუდი გახლავთ. ვუდი, რომელიც ინგლისის ჩემფიონშიფში „ლიდს იუნაიტედის“ ღირსებას იცავს და 2016/17 წლების სეზონში ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. კრისმა ინგლისის რანგით მეორე ლიგაში, რომელიც სირთულითა და პოპულარობით ზოგიერთი ქვეყნის მთავარ ჩემპიონატსაც კი აღემატება, 27 ბურთი გაიტანა და მართლაც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. 2016 წლის ოკეანეთის ჩემპიონატზე ვუდმა 4 გოლი შეაგდო და ნაკრების საუკეთესო გოლეადორი გახლდათ. კრის ვუდი ახალი ზელანდიის მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება, რომელზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
ძლიერი მხარე
სათამაშო თვალსაზრისით ახალი ზელანდიის ნაკრების ძლიერი მხარის დასახელება ძალიან რთულია, რადგან მათი თამაშებისთვის თვალ-ყურის დევნება რთული საქმეა, მაგრამ ზოგადად იმის თქმა შეიძლება, რომ ოკეანეთის წარმომადგენლები ყოველგვარი ზეწოლის გარეშე ითამაშებენ, ეცდებიან ტურნირისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ და შეძლებისდაგვარად, გარკვეულ შედეგსაც მიაღწიონ. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალ ზელანდიას კონფედერაციათა თასზე ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს. ჰადსონმა მხოლოდ 5 30 წლის ზემოთ მყოფი მოთამაშე გამოიძახა, საიდანაც ორი სარეზერვო გოლკიპერია, ერთი კი ეროვნული ნაკრების ყველა დროის მეორე საუკეთესო ბომბარდირი შეინ შმელცი, რომელიც ძირითადის წევრი აღარ არის. ასე, რომ ახალ ზელანდიას ეყოლება ენერგიული მოთამაშეები, რომელთაც ახალგაზრდა, ქარიზმატული თავკაცი ხელმძღვანელობს, ამიტომ ისინი ეცდებიან, რომ მაქსიმალურად გაილაღონ.
სუსტი მხარე
ახალი ზელანდიის მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ მათ ძლიერ გუნდებთან თამაშის გამოცდილება აკლიათ. ისინი ამხანაგურ თამაშებს შედარებით სუსტ ეროვნულ ნაკრებებთან ან თანაბარი დონის გუნდებთან ატარებენ, რაც რეალურად დიდი სარგებელი არ არის. ენტონი ჰადსონის ხელმძღვანელობით ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდი მხოლოდ 3 სერიოზულ მეტოქეს შეხვდა: მექსიკას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩრ.ირლანდიას. უმაღლესი კლასის ეროვნულ გუნდებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. შესაბამისად, ახალი ზელანდიელების სუსტ მხარედ სწორედ ამას თუ ჩავთვლით - მათთვის უჩვეულოა ის საფეხბურთო დონე, რომელსაც კონფედერაციათა თასზე თუნდაც იგივე რუსეთი, მექსიკა და მით უმეტეს, პორტუგალია შესთავაზებენ.
სტატისტიკური მონაცემი
ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრები, ენტონი ჰადსონის ხელმძღვანელობით, ორგანიზებულ, ფრთხილ ფეხბურთს თამაშობს და მთავარ აქცენტს ყოველთვის შედეგზე აკეთებს. ძალიან რთულია იმის თქმა რამდენად გაამართლებს ეს ტაქტიკა კონფედერაციათა თასზე, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში გამართულ 7 შეხვედრაში გუნდმა მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, ეგეც პენალტის ნიშნულიდან. ჩრ.ირლანდიასთან უკანასკნელი ამხანაგური მატჩი კი ახალმა ზელადიელებმა 0:1 წააგეს. მოკლედ, ეს არის გუნდი, რომლის თამაშებშიც გოლები დიდი ძალისხმევით გადის, მაგრამ ეს ცოტათი არასანდო სტატისტიკური მონაცემია, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალი ზელანდია შედარებით ძლიერ გუნდებთან მატჩებს იშვიათად ატარებს.
რაც უნდა ვიცოდეთ
-
მექსიკის ნაკრები 2017 წლის კონფედერაციათა თასზე ერთადერთი გუნდია, რომელსაც ეს ტურნირი მოგებული აქვს. მექსიკელებმა ეს 1999 წელს მოახერხეს.
-
მექსიკა კონფედერაციათა თასზე მეშვიდედ იასპარეზებს, რაც ბრაზილიის ნაკრებთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.
მთავარი მწვრთნელი
ბრაზილიელი რიკარდო ფერატის სკანდალური წასვლის შემდეგ მექსიკის ნაკრები 2015 წლის 14 ოქტომბერს 56 წლის ხუან კარლოს ოსორიომ ჩაიბარა. ოსორიო გახდა პირველი კოლუმბიელი მწვრთნელი მექსიკის ეროვნული გუნდის ისტორიაში, რომელიც ჯერჯერობით მშვენივრად მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით მექსიკამ მხოლოდ 2 მატჩი წააგო, მაგრამ მათ შორის კოპა ამერიკის ¼ ფინალში ჩილესთან (0:7) სამარცხვინოდ. კონკაქაფის ზონაში კი მექსიკელები მუნდიალის შესარჩევ ეტაპს 6 ტურის შემდეგ 14 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ. ოსორიოს გუნდი უახლოეს კონკურენტებს 6 ქულით უსწრებს, ბოლოს კი ამერიკასთან ფრედ 1:1 ითამაშა. მექსიკის ნაკრებს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს, რომელმაც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან სიმპათიური ფეხბურთი აჩვენა. ოსორიოს გუნდი უფრო პრაგმატულად გამოიყურება, მაგრამ შემადგენლობა საკმაოდ კარგია. გამოცდილ კოლუმბიელ სპეციალისტს კარგი შანსი აქვს, რომ კონფედერაციათა თასზე მექსიკელთა სიძლიერე კიდევ ერთხელ დაგვანახოს. ხუან კარლოსი ამ ეტაპზე იდეალურად მუშაობს, ეს ტურნირი კი მისთვის მცირედი გამოცდა იქნება.
მთავარი ვარსკვლავი
მექსიკის ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ძალიან საინტერესო და კარგი მოთამაშეა, რომლებიც ამ კონფედერაციათა თასზე ყურადღების ცენტრში იქნებიან. რა თქმა უნდა, უნდა ვახსენოთ გილერმო ოჩოა, ლეგენდარული და უბერებელი რაფა მარკესი, ანდრეას გუარდადო, ეტქორ ერერა, კარლოს ველა, ჯოვანი დოს სანტოსი, მაგრამ მთავარი ვარსკვლავი მაინც ლევერკუზენის „ბაიერის“ ცენტრალური თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი იგივე ჩიჩარიტო გახლავთ. ჩიჩარიტო ახლახანს, მაისის ბოლოს, ხორვატიასთან ამხანაგურ შეხვედრაში (1:2), ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ერნანდესმა მექსიკის მაისურით 47-ე ბურთი გაიტანა და ბორგეტის რეკორდი მოხსნა. იგი ჩინებულ ფორმაში იმყოფება: ბუნდესლიგის გასულ სეზონში 11 გოლი გაიტანა და რომ არა ტრავმები უფრო მეტსაც შეაგდებდა, ეროვნული გუნდის რიგებში კი ყოველთვის ძალიან ნაყოფიერად მოქმედებს. 29 წლის ფორვარდი მექსიკელთა მთავარი ძალაა, რომელიც საკაოდ მრავალფეროვანი ცხრიანია, დახვეწილი სათამაშო სტილითა და მკვლელის ინსტიქტით. მეტოქის საჯარიმოში ხავიერ ერნანდესი ძალიან სახიფათოა. მექსიკის ნარკებთან თამაშის წინ პირველ რიგში მეტოქეები სწორედ მას უნდა უფრთხოდნენ.
ძლიერი მხარე
მექსიკის ნაკრების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ისინი კონფედერაციათა თასის ყველაზე გამოცდილი მონაწილეები არიან. 1999 წელს კი მექსიკელებმა ეს ტურნირი საკუთარ კედლებში საერთოდ მოიგეს კიდეც. ბოლო კონფედერაციათა თასზე მექსიკა ჯგუფში ჩარჩა, სამაგიეროდ 2005 წელს ნახევარფინალურ ეტაპზე პირველი ადგილით გავიდა. მექსიკელებისათვის ეს ტურნირი თითქმის მშობლიურია. რამდენად დაეხმარება ეს უპირატესობა ხუან კარლოს ოსორიოს გუნდს ამას უშუალოდ მინდორზე ვიხილავთ.
სუსტი მხარე
მექსიკის ნაკრების სუსტი მხარის დასახელება ძალიან რთულია, რადგან შემადგენლობა საკმაოდ ძლიერი, დაბალანსებული და კარგად დაკომპლექტებულია. თუმცა შედარებით სუსტი რგული დაცვის ხაზია. მიუხედავად იმისა, რომ რაფა მარკესი კვლავ თამაშობს, კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი ცენტრალური მცველი უკვე 38 წლის არის და ბუნებრივია, ოპტიმალური კონდინციებისგან შორსაა. მის გარდა დაცვის ცენტრში დიეგო რეიესი, ექტორ მორენო და ნიკოლას არაუხო არიან. აგერთვე 28 წლის ოსვალდო ალანისი. ძირითადი თანდემი მორენო-რეიესია, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის იდეალური უკანა ხაზელი. მორენო "პსვ-ს" ღირსებას იცავს, ხოლო რეიესი "ესპანიოლის" რიგებში მოქმედებს. იმის თქმა, რომ ისინი ცუდი მოთამაშეები არიან არასწორი იქნება, უბრალოდ სხვა პოზიციებთან შედარებით მექსიკის ნაკრებს შედარებით სუსტი შემადგენლობა დაცვის ცენტრში ჰყავს.
სტატისტიკური მონაცემი
თუ მექსიკის ეროვნული ნაკრების ბოლო თამაშების სტატისტიკას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ამ გუნდის თამაშებში საკმაოდ ბევრი კუთხური მოდის. მექსიკელთა უკანასკნელ 6 თამაშში სულ 71 კუთხური დაფიქსირდა ანუ მატჩში საშუალოდ 11.8, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ასე, რომ ამ კონფედერაციათა თასზე მექსიკის თამაშებზე კუთხურების მეტობა კარგი სათამაშო იქნება.
რაც უნდა ვიცოდეთ
-
საფრანგეთში პორტუგალიის ნაკრებმა ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
-
კონფედერაციათა თასი ევროპის ჩემპიონებს სამჯერ აქვთ მოგებული: დანიას 1995 წელს, საფრანგეთს 2001 და 2003 წლებში.
ჩაგდებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, 2014 წლის ზაფხულში, ეროვნული გუნდი ფერნანდო სანტუშმა ჩაიბარა, რომელმაც 2 წელიწადში ბრწყინვალე სამუშაო შეასრულა და „სელესაოს“ ისტორიაში პირველი ტიტული მოაგებინა. ევრო 2016-ზე პორტუგალიამ იდეალურად ორგანიზებული თამაში აჩვენა, გუნდი ფლეი-ოფისთვის გადაეწყო და მიუხედავად რამდენიმე მოთამაშის, რუი პატრისიოს, პეპესა და კრიშტიანუ რონალდუს ფაქტორებისა, ამ წარმატების მთავარი შემოქმედი უდავოდ სანტუში იყო. გამოცდილმა სპეციალისტმა მხიარული ჯგუფური ეტაპის შემდეგ ტაქტიკა გადააწყო, სისტემა დაცვიდან თამაშზე ააგო და მიუხედავად არც თუ ისე სანახაობრივი ფეხბურთისა, შედეგს მაინც მიაღწია. ახლა კი ფერნანდო სანტუშის პორტუგალიის ნაკრები მუნდიალისათვის ემზადება, საკვალიფიკაციო ეტაპი ნორმალურად მიდის, ხოლო კონფედერაციათა თასი ევროპის ჩემპიონებისათვის საინტერესო გამოცდილება იქნება. სანტუშმა ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობა წაიყვანა და მთავარი ფავორიტიც ალბათ სწორედ პორტუგალია იქნება, რადგან მსოფლიო ჩემპიონ გერმანიას სერიოზულად გადახალისებული შემადგენლობა ჰყავს. პორტუგალია წლების განმავლობაში ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ შედეგს სამწუხაროდ ვერ აღწევდა. სანტუშმა ესთეტიკა მოაკლო, მაგრამ დადო შედეგი, რომელსაც ვერავინ მიაღწია. ვნახოთ რას შემოგვთავაზებს 62 წლის სპეციალისტი რუსეთის კონფედერაციათა თასზე.
მთავარი ვარსკვლავი
ამ შემთხვევაში ყველაფერი ნათელია - პორტუგალიის ეროვნულ გუნდს ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უკაპიტნებს, რომელიც ფენომენალურ ფორმაში იმყოფება. 32 წლის კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც ბოლო წლებში ნამდვილ მკვლელ ცენტრფორვარდად იქცა, გასულ სეზონში საოცარი თამაში აჩვენა, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ სტადიებზე (მეოთხედფინალიდან-ფინალამდე) 10 ბურთი გაიტანა, მოიგო ესპანეთის ლა ლიგა და ამავდროულად ჩემპიონთა ლიგის ტიტული ზედიზედ მეორედ! კრიშტიანუმ უკანასკნელ 1 წელიწადში ყველანაირი რეკორდი მოხსნა, გასული წლის ზაფხულში სანუკვარი საერთაშორისო ტიტული მოიპოვა, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაც გადაწერა მადრიდის „რეალთან“ ერთად. მიუხედავად საკმაოდ დატვირთული და ფიზიკურად გადამღლელი სეზონისა, რონალდუ მაინც მძლავრ ფორმაშია და კონფედერაციათა თასისათვის მზად არის. კრიშტიანუმ თავადაც აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით, მისი ფიზიკური ფორმა გაცილებით უკეთესია, ამიტომ რუსეთში მას აუცილებლად სრულ მზადყოფნაში ვიხილავთ. რონალდუ კი პორტუგალიის ეროვნული გუნდის გამოკვეთილი ლიდერი, კაპიტანი და უბრალოდ უდიდესი ძალაა! ის რა თქმა უნდა ევროპის ჩემპიონებისა და სრულიად კონფედერაციათა თასის მთავარი ვარსკვლავია.
პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ტალანტია, რომელთა ნაწილიც რუსეთში იასპარეზებს. ფერნანდო სანტუშმა კონფედერაციათა თასზე ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელები წაიყვანა, როგორებიც რაფაელ გერეირო, ნელსონ სემედო, ბერნარდუ სილვა, ჟელსონ მარტინსი და ანდრე სილვა არიან. მათ შორის გასულ სეზონში ყველაზე მეტად 22 წლის ბერნარდუ სილვამ გაიბრწყინა. მან „მონაკოს“ შემადგენლობაში ჩინებული თამაში აჩვენა, ახალი სეზონიდან კი „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას დაიცავს. სემედო და გერეირო საოცრად ტექნიკური, სწრაფი, თანამედროვე ტიპის განაპირა მცველები არიან, მარტინსი და ანდრე სილვა კი უნიჭიერესი თავდამსხმელები. ვილიამ კარვალიო და ანდრე გომეშიც ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, ამიტომ პორტუგალიელთა მთავარი უპირატესობა სწორედ ეს უდიდესი პოტენციალია. ევრო 2016-ს პორტუგალიასგან ამ გუნდს სწორედ ეს ნიჭიერი ფეხბურთელები განასხვავებენ. ზემოთ ჩამოთვლილი ტალანტებიდან საფრანგეთში მხოლოდ გერეირომ იასპარეზა, დანარჩენები კი სანტუშის ე.წ. X-ფაქტორები იქნებიან. ასე, რომ პორტუგალიის მთავარი იარაღი კვლავ ეს საოცარი თაობა იქნება, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება და ფართოვდება.
სუსტი მხარე
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის პირველობაზე პეპემ ფანტასტიკური თამაში აჩვენა, ამჯერად პორტუგალიის ნაკრები სუსტი რგოლი სწორედ დაცვის ცენტრია. პირველ რიგში იმიტომ, რომ პეპემ სეზონის ბოლო 3-4 თვე სერიოზული ტრავმის გამო გამოტოვა და ის ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფება. პლიუს ამას, პორტუგალიის ნაკრების დაცვის ცენტრი უკვე მობერებულია. პეპე 34 წლის არის, ჟოზე ფონტე 33 წლის, ბრუნო ალვეში კი 35 წლის. მეოთხე ნომინალური დამცველი კი ლუიშ ნეტუ გახლავთ, რომელიც 28 წლისაა. ანუ გამოდის, რომ პორტუგალიის ეროვნული გუნდის ცენტრალური მცველების საშუალო ასაკი 32.5 გახლავთ, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. პეპეს მსგავსად ოპტიმალურ კონდინციებში არც ფონტე არ იმყოფება, რომელმაც 2017 წლის იანვარში „საუთჰემპტონი“ დატოვა და „ვესტ ჰემს“ მიაშურა. შესაბამისად, პორტუგალიელთა უკანა ხაზი შესუსტებული იქნება. ფლანგებზე იდეალური მდგომარეობაა, მაგრამ ცენტრში ფერნანდო სანტუშს სერიოზული თავსატეხი ექნება. სავარაუდოდ, ძირითადი დაცვის თანდემი მაინც პეპესა და ფონტეს დუეტი იქნება.
სტატისტიკური მონაცემი
პორტუგალიის ნაკრების თამაშებში კი შესამჩნევია, რომ მეტოქე გუნდებს „სელესაოს“ კარში ზუსტი დარტყმების განხორციელება ძალიან უჭირთ. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის ცენტრი შედარებით შესუსტებული იქნება, საერთო ორგანიზაციის დონე მაინც მაღალია და პორტუგალიის ნაკრების კარისკენ დარტყმები მარტივი საქმე სულაც არ არის. ასეთი შემთხვევები რა თქმა უნდა ყოფილა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოწინააღმდეგეს თამაშის გახსნა გამოუვა. მაშინ, როდესაც პორტუგალიელები ფავორიტები არიან, როგორც წესი მეტოქეს ბევრის საშუალებას არ აძლევენ. კონფედერაციათა თასის ჯგუფურ ეტაპზე კი ერთადერთი გუნდი, რომელმაც შესაძლოა ევროპის ჩემპიონებს რეალური პრობლემები შეუქმნას, მექსიკის ნაკრებია, ამიტომ რუსეთთან და ახალ ზელანდიასთან შეგიძლიათ პორტუგალიელების მშრალ მოგებაზე ან უბრალოდ მეტოქეების ცოტა კარში დარტყმაზე დადგეთ.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE
ექსპ.ექსპერტი | სულ | მოგება | წაგება | % |
---|---|---|---|---|
Lebron | 4055 | 2505 | 1550 | 61.8 |
Legendinho | 160 | 92 | 68 | 57.5 |
Manchester3 | 1 | 1 | 100 | |
oliverkahn | 13 | 8 | 5 | 61.5 |
Perkins | 1172 | 693 | 479 | 59.1 |
Russel | 447 | 286 | 161 | 64 |
StrongMan | 26 | 13 | 13 | 50 |
Xbet.Ge | 112 | 67 | 45 | 59.8 |
# | მომხმ.მომხმარებელი | მოგების % | ქულა |
---|---|---|---|
1 | MSN | 79.2 | 84.3 |
2 | Bcn555 | 60.4 | 81.1 |
3 | agnostic | 63.5 | 71.2 |
4 | maniu333 | 62.3 | 65.8 |
5 | Aleksandre Gachechiladze | 52.9 | 54.3 |
6 | cule_777 | 44.8 | 36.6 |
7 | daubase | 37.6 | 34.3 |
8 | teamwork | 55.4 | 32.6 |
9 | Jamela | 42.7 | 27.3 |
10 | gugson | 38.3 | 22.1 |
# | მომხმ.მომხმარებელი | მოგების % | ქულა |
---|---|---|---|
1 | tony montana | 63.9 | 25.0 |
2 | Racho Eloyan | 81.0 | 22.0 |
3 | gi09 | 70.6 | 18.6 |
4 | besogode | 47.5 | 16.2 |
5 | beqa13beqa13 | 55.6 | 10.6 |
6 | revaza | 66.7 | 10.1 |
7 | mgeluka97 | 52.6 | 8.9 |
8 | QUTATURI | 40.9 | 8.5 |
9 | otar2507 | 54.2 | 7.8 |
10 | samba | 100.0 | 7.8 |
ბალანსის შევსება წარუმატებლად დასრულდა. სცადეთ თავიდან ან დაუკავშირდით ადმინისტრაციას